ორი დღის წინ ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი 70 წლის გახდა. საპატიო ასაკის მიუხედავად ის ყოველთვის ჩინებულ ფორმაში იმყოფება და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა.
წინა კვირას იუბილარს გამოცემა „The Sun”-ის ჟურნალისტი ეწვია და მისი მუდმივი ახალგაზრდობის რეცეპტის საიდუმლოს გამჟღავნება სთხოვა.
ალბათ მოელით, რომ მაკარტნი სპორტულ დარბაზებში ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში ვარჯიშობს.
აღმოჩნდა რომ მუსიკოსი აქტიურ სპორტთან ახლო მეგობრობაში არ იმყოფება.
„გაინტერესებთ რატომ გამოვიყურები მუდმივად მხნედ და ახალგაზრდულად? ამისი მთავარი მიზეზი ის გახლავთ რომ აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ვეწევი. სცენაზე ჩატარებული სამსაათიანი კონცერტის შემდეგ იმდენ ენერგიას ვხარჯავ, რასაც ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში.
იშვიათია კვირა, ორი ღონისძიება რომ არ გავმართო. სპორტული დარბაზების მოსანახულებლად დრო არ მრჩება. სცენაზე ხშირი გამოსვლით საკუთარ თავს მუდმივად ჩინებულ ფიზიკურ კონდიციაში ვამყოფებ.“ - განაცხადა პოლ მაკარტნიმ.