გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ჯგუფი „Radiohead”-ის წევრები ტრაგედიას გადაურჩნენ.
16 ივნისს მუსიკოსებს კანადის ქალაქ ტორონტოში კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ. ღონისძიების დაწყებამდე სამი საათით ადრე სცენა ჩაინგრა. ამ უბედურ შემთხვევას ერთი მუშა ემსხვერპლა, სამი მათგანი კი ადგილობრივ საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მოათავსეს.
დიდი იყო ალბათობა, რომ კონცერტის მიმდინარეობისას ამ მდგომარეობაში მუსიკოსები აღმოჩენილიყვნენ. რასაკვირველია ჯგუფმა კონცერტი არ გამართა და ის მოგვიანებით ჩატარდება.
„Radiohead” ამჟამად მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფება. ეს მოგზაურობა მუსიკოსებმა ბოლო სტუდიური ჩანაწერის „The King of Limbs” მხარდასაჭერად წამოიწყეს.