ვლადიმერ ვისოცკი – ცნობილი მსახიობი, პოეტი, მომღერალი, უნიჭიერესი პიროვნება იყო. ის პოპულარული გახლდათ საქართველოშიც.
ჩვენს ქვეყანაში ახლო მეგობარიც ჰყავდა, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე. სამწუხაროდ, მათი ერთად გადაღებული ფოტოები ბატონ გოგის სოხუმში დარჩა.
გოგი ქავთარაძე ვისოცკიზე შემდეგს იხსენებდა: “ვლადიმერი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. 26-27 წლისა იქნებოდა როცა გავიცანი. რთული ხასიათისა იყო. მიუხედავად ამისა, უცებ დავძმაკაცდით. ჩვენს დაახლოებაში სასმელმაც დიდი როლი შეასრულა, უარს არასოდეს ვამბობდით. არ იფიქროთ, მარტო სასმელში იყო საქმე. ჩვენ სუფრასთან ვსაუბრობდით, ლექსებს ვამბობდით. ვალოდია მღეროდა, გულახდილი იყო. ხშირად ამბობდა, პოეტი ვარ, გული მტკივა, რომ ამას ვერავინ ხვდება. მხოლოდ სიმღერების ავტორად მიმიჩნევენო. გულნაკლული წავიდა ამ ქვეყნიდან.
შემდეგ დაიწყო დიდი მეგობრობა რუსთაველისა და ტაგანკის თეატრებისა. ტაგანკის თეატრს მაშინ მსოფლიოში იცნობდნენ, ამიტომ მისი თბილისში ჩამოსვლა მართლა მოვლენა იყო. ქართულად, გულითადად დავხვდით. გადავწყვიტე ერთ დღეს სიურპრიზი მომეწყო. სუფრაზე მოვატანინე რუსული “სელიოდკა”, ახალი ჩაცივებული ლუდი და არაყი, მოხარშული ცხელ-ცხელი კარტოფილი.
სტუმრები გაგიჟდნენ სიხარულით. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ჩავედით საგასტროლოდ მოსკოვში. ახლა ვისოცკიმ მოგვიწყო სიურპრიზი. სპექტაკლის შემდეგ ნამდვილი ქართული სუფრა გაგვიშალა საცივით, ხაჭაპურით და ქართული ღვინით. იმ ღამით გადაღება ჰქონდა, განზე გამიხმო – ლხინში ვერ დავრჩები და არ გეწყინოსო. მხოლოდ თითო სირჩა კონიაკი დავლიეთ. ახლაც მახსოვს, კუთხეში ვისხედით, დიდხანს ვილაპარაკეთ. ერთხელ მითხრა, პოპულარობა ისეთი რამეა, ყველა ვერ უძლებს, ალბათ ვერც მე გავუძლებო.”