“მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ნებისმიერი ქართველისათვის განსაკუთრებით გამორჩეულ სურათთა კატეგორიას მიეკუთვნება. ოლღა ბებიის როლს, ყველასათვის სათაყვანებელი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ასრულებდა.
ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორი მსხვერპლი გაიღო ამ ფილმის გადაღების წინ ქალბატონმა სესილიამ.
ოლღა ბებიას როლს სრულად რომ ჩასწვდომოდა, მეტი დამაჯერებლობა და ბუნებრიობა ჰქონოდა გადასაღებ მოედანზე, სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ეს ნამდვილი ამბავია. ის მაშინ 55 წლის იყო. ოლღა ბებია მტკიცედ შევიდა საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურში.
თავად ამ ფილმის გადაღების პროცესი მეტად “ხმაურიანად” მიმდინარეობდა. ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე უკვე მოგვიანებით იხსენებდა: “ სკოლიდან მომავალმა ზურიკელამ ღელე გადაირბინა, ბებია კი ვერ გადადიოდა. რეჟისორმა მითხრა: “ შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო”.
14 წლის ვიყავი, როგორია პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა—მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო”.
ამ სურათში ოლღა ბებია ამბობს: “ ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო”. მართლაც მოგვიანებით ზურიკელა, იგივე სერგო ორჯონიკიძე ექიმი გამოვიდა და ავადმყოფობის დროს სესილიას გვერდიდან არ მოსცილებია.