არჩილ თალაკვაძე:  პრეზიდენტის ვეტოებს დიდი ალბათობით დავძლევთ

არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის ვეტოებს დიდი ალბათობით დავძლევთ

პრეზიდენტის ვეტოებს დიდი ალბათობით დავძლევთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შენიშვნების დიდი ნაწილი უმრავლესობისთვის ნაცნობი იყო, რადგან ეს საკითხები ადრეც განხილულა.

,,შენიშვნები, რომელიც პრეზიდენტის აპარატიდან გამოიგზავნა, განვიხილეთ. საკითხების დიდი ნაწილი ჩვენთვის იყო ნაცნობი. ეს საკითხები ადრეც იყო განხილული, სანამ ამ კანონპროექტებს მხარს დავუჭერდით. შესაბამისად, ვეტო იქნება დაძლეულ მაღალი ალბათობით და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს პრეზიდენტის ინსტიტუტთან.

რაც შეეხება საკითხებს, როდესაც საქმე ეხება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას, კომისია იქნება დაკომპლექტებული სამართლიანი წესით, რაც ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, კომისიაში მანდატების თანაბარი რაოდენობა ექნებათ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მმართველ პარტიას რაიმე უპირატესობა ექნება ამ კომისიაში, არის საფუძველს მოკლებული.

როცა საქმე ეხება თვითმმართველობას, ამ შემთხვევაში მთავარი ამოსავალი წერტილი არის არა რაოდენობა, არამედ რამდენად კოორდინირებული და ეფექტურია თვითმმართველობა, აქვს თუ არა მას საკმარისი დაფინანსება და რამდენად ახერხებს თვითმმართველობა უშუალო კომუნიკაციას, იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც არის ადგილზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების შემდეგ თვითმმართველობა გახდება კიდევ უფრო ეფექტური, კოორდინაცია იქნება კიდევ უფრო კარგი და საკონსტიტუციო ცვლილებებშიც არის ჩადებული მნიშვნელოვანი გარანტიები, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის და თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიას ჩაატარებს სადაც მთავარი საკითხები პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები იქნება, საარჩევნო კომისიასა და თვითმმართველ ქალაქებზე.