პლენარული სხდომის დღის წესრიგში ორმოცამდე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხია

პლენარული სხდომის დღის წესრიგში ორმოცამდე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხია

პარლამენტის ბიურომ საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 26 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ 29 და 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

პლენარული სხდომის დღის წესრიგში ორმოცამდე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხია,  მათ შორის:

საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  ( III მოსმენა).

წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, აგრეთვე გამომშრალი და ნედლი მარიხუანასთვის დიდი ოდენობების ცვლილებას; კერძოდ, მცენარე კანაფისთვის დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 1000 გრამი (ნაცვლად 250 გრამისა). ხოლო მარიხუანასთვის დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში იქნება 70 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), ნედლის შემთხვევაში - 140 გრამი (ნაცვლად 100 გრამისა);

საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ( III მოსმენა).

შემოთავაზებული ცვლილებით დაკონკრეტდა ის სუბიექტი, რომელიც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით ავტორიზაციას ასევე არ ექვემდებარება. პროექტის მიხედვით ზუსტდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემოწმების პერიოდულობა. გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხორციელდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროექტის შესაბამისად დაკონკრეტდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. ასევე განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამის დამატების და საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის თავისებურებანი და მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან გაზრდაზე უარის თქმასთან დაკავშირებული შესაბამისი გარემოებანი.