ეს იყო უფრო ადვოკატის განცხადება, რომელსაც სურს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს დაანახოს, რაოდენ აქტიურია

ეს იყო უფრო ადვოკატის განცხადება, რომელსაც სურს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს დაანახოს, რაოდენ აქტიურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოთარ კახიძის ინიციატივა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ”ადვოკატის განცხადება უფრო იყო, რომელსაც სურს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ერთხელ დაანახოს, რაოდენ აქტიურია ამ მიმართულებით”. ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ”ევროპული საქართველოს” ინიციატივას.

„ვფიქრობ, რომ ალბათ, ეს იყო უფრო ადვოკატის განცხადება, რომელსაც სურს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ერთხელ დაანახოს, რაოდენ აქტიურია ამ მიმართულებით.

ეს ინიციატივა დააყენა ოთარ კახიძემ. ოთარ კახიძე გახსოვთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იყო. წარმოადგენდა მისი დაცვის მხარეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ალბათ, ეს იყო უფრო ადვოკატის განცხადება, რომელსაც სურს, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ერთხელ დაანახოს, რაოდენ აქტიურია ამ მიმართულებით“, - განაცხდა თალაკვაძემ.

"ევროპული საქართველო”, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი კორძაიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას შეეხება, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პარტიამ პარლამენტს განცხადებით უკვე მიმართა.