ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას: რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს

ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას: რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ, ადა მარშანიას ბიუროს სხდომაზე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვეტინა.

ადა მარშანია ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს რუსეთში ვიზიტის და შეხვედრების დეტალებს აცნობდა, რა დროსაც მას კობახიძემ მიმართა და განუცხადა, რომ ”პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს”.       

"თქვენ თუ გინდათ პარტიებთან საუბარი, შეგიძლიათ მოიწვიოთ და პარტიების წარმომადგენლებს ესაუბროთ. პარტიულ ბრიფინგებს არ უსმენენ ბიუროზე, არამედ საუბრობენ ბრიფინგებზე. კანონმდებლობით, პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს, იძულებული ვარ, დავასრულო ბიუროს სხდომა", - მიმართა კობახიძემ ადა მარშანიას, რის შემდეგაც კობახიძემ ბიუროს სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

ადა მარშანიამ პასუხად აღნიშნა, რომ ვისაც მოსმენა არ სურდა, შეეძლო სხდომა დემონსტრაციულად დაეტოვებინა.

საბოლოოდ, მარშანიას განცხადების გაკეთება ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია.