რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა კომპანიამ „Phonographic Performance Limited” საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა და გასულ წელს ადგილობრივ რადიოსადგურებში ყველაზე ხშირად აჟღერებული კომპოზიციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ საპატიო სიის სათავეში მომღერალი ადელის სიმღერა „Rolling In The Deep” მოექცა. აღსანიშნავია რომ პირველ ხუთეულში ამ მუსიკოსის კიდევ ორი კომპოზიცია განთავსდა. „Set Fire To The Rain” მესამე პოზიციაზე გავიდა, „Someone Like You” კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეორე საფეხურზე ჯგუფი „Maroon 5“-ის კომპოზიცია „Moves Like Jagger” აღმოჩნდა, მეოთხეზე კი მომღერალი ჯესი ჯეის სიმღერა „Price Tag”.
გასულ წელს ბრიტანულ რადიოსადგურებში ყველაზე ხშირად ადელის კომპოზიციებს მოუსმენდით. მის გარდა პირველ ათეულში შემდეგი მუსიკოს შემსრულებლები მოხვდნენ: ლედი გაგა, რიანა, „Take That”, ბრუნო მარსი, „Coldplay”, ქეთი პერი, ჯესი ჯეი, ოლი მერსი და დავიდ გეტა.