პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაცია ხვალ, დღის განმავლობაში გაიმართება.
“ოპოზიციასთან დისკუსიითვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ოპოზიციური პარტიები საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვებზე თუ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე. ზოგმა კომისიის შემადგენლობა დემარშით დატოვა, ზოგმა მონაწილეობა მიიღო სახალხო განხილვებში. ასე რომ, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას ოპოზიციასთან რაიმე აკლია, გარდა იმისა, რომ ბევრ საკითხთა დაკავშირებით საერთო აზრთან ვერ მივდივართ“, - აღნიშნა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ კი, საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრის გამართვაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისა და კონსენსუსისთვის.