ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტი ლიტა ფორდის სახელი საქართველოში ალბათ ნაკლებად ცნობილია. 53 წლის ამერიკელი ქალი-როკმენი თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წინა საუკუნის 80-იან წლებში ეს ქალბატონი ჯგუფში „The Runaways” გამოდიოდა, ცოტა მოგვიანებით კი სოლო კარიერა წამოიწყო.
ლიტა ფორდი ბატონ ოზი ოსბორნთან ნაყოფიერად თანამშრომლობდა. მუსიკოსებმა ერთად რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერეს. ამათგან აღნიშვნის ღირსი “If I Close My Eyes Forever”-ია. ეს კომპოზიცია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-0აღლუმებში დიდი ხნის განმავლობაში პირველ სამეულში იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ ლიტა ფორდი გამოცემა „Metal Undeground”-ს ესაუბრა და ოზი ოსბორნთან თანამშრომლობის წლები გაიხსენა.
1988 წელს ჯგუფი „The Runaways”-ის მენეჯერი ოზის მეუღლე შერონი გახლდათ. ერთხელ სტუდიაში სტუმრად ოზიც მივიდა. ტრადიციულად პატარა სუფრა გაიშალა. შემდეგ ოზიმ და ლიტამ გიტარაზე დაკვრა დაიწყეს და აღმოაჩინეს რომ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ჰქონიათ.
მეორე დილით ახლადგაცნობილი მეგობრები სტუდიაში ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ და საერთო კომპოზიციაზე მუშაობა დაიწყეს. ცოტა ხანში სიმღერა „If I Close My Eyes Forever” დაიბადა. ამ ბალადამ ლიტა ფორდს მსოფლიო აღიარება მოუტანა, ოზი ოსბორნი კი სხვადასხვა მუსიკალურმა გამოცემებმა წლის საუკეთესო როკ-ვოკალისტად დაასახელეს.