ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში - ეს არის ჩვენი მეზობლის ინტერესები, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს, რომელიც, მარგველაშვილის თქმით, ასახავს ხალხებს შორის არსებულ იმ რეალურ განწყობას, რომლის სამსახურშიც ის და უკრაინის პრეზიდენტი დგანან.
„ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არიან ამ არჩევანისთვის იბრძოლონ. დღეს თბილისს სტუმრობს ისტორიული ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და თავისუფალი არჩევანისთვის; ბრძოლას, რომელიც ჩვენც გავიარეთ და ქართველებმაც ვაჩვენეთ, რომ ჩენთვის ყველაზე მაღალი ღირებულება ჩვენი თავისუფლება და არჩევანის თავისუფლებაა. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია. უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დიდი ხანია არ განხორციელებულა და მე მადლობას ვუხდი ბატონ პეტროს იმისთვის, რომ მან მიიღო ჩვენი მოწვევა და ამ ვიზიტით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას. ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში - ეს არის ჩვენი მეზობლის რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედია, აშორებს და არ აახლოვებს ერებს. ამავე დროს, თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს; საქართველოში, რომლის ორი რეგიონი არის ოკუპირებული, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყანა, რომელი ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.