აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში დღემდე არ შემოსულა არანაირი მომართვა არც აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთრალისგან, არც მისი ადვოკატისგან წერილობითი ან სიტყვიერი ფორმითაც კი,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საელჩოში არც ასეთი თხოვნა შესულა და არც ადვოკატს ჰქონია საელჩოს რომელიმე თანამშრომელთან კონტაქტი.
„არის მიზეზი, ალბათ, რატომაც არ ჰქონდა ეს კონტაქტი. ადვოკატმა იცის, რომ როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქე მოთავსებულია აზერბაიჯანის საპატიმრო დაწესებულებაში და აზერბაიჯანის კანონმდებლობით წაყენებული აქვს ბრალდება, საქმე ძიებაშია, მიმდინარეობს გამოიძიება, საერთაშორისო კონვენციების, ნორმების თანახმად, აზერბაიჯანში აკრედიტებული ვერც ერთი უცხო ქვეყნის დიპლომატი ასეთ შეხვედრას ვერ განახორციელებს“,- განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.
როგორც ცნობილია, აფხან მუხთარლი აზერბაჯაინაში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვს.