საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც შრომის კოდექსში საქართველოს მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრისთვის იქნა შემუშავებული.
დისკუსია გაიმართა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია დამსაქმებლის მხრიდან, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის, დასაქმებული ქალების დედობის დაცვის უფლება, სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე და სხვა საკითხები.
სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა სამომავლო საქმიანობის გეგმასა და შიდა კომუნიკაციის სტრატეგიაზე, აგრეთვე, მოამზადა შემდეგი შეხვედრისთვის განსახილველი საკითხების სია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) , "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) , "კონსტიტუციის 42-ე მუხლი ", საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) , სოლიდარობის ქსელი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).