ბიზნეს თანამეგობრობაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული

ბიზნეს თანამეგობრობაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული

საერთაშორისო ბიზნეს თანამეგობრობაში ისევ არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული, - ამის შესახებ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის ყოფილმა მოადგილემ, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარმა ტომას მელიამ „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ საერთაშორისო ბიზნეს თანამეგობრობაში შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული, ისევ არსებობს. საკუთრების უფლება სათანადოდ არ არის დაცული. ვიცი ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ეს თემა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც უკავშირდება. ამ საკითხთან მთელი რიგი გასათვალისწინებელი კომპონენტებია დაკავშირებული. ამაში შედის კომერციული დავის გადასაჭრელად არბიტრაციის გამოყენება; იმის გადაწყვეტა, უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური ბიზნესსასამართლოები; ასეთი დავების გადასაჭრელად მოსამართლეების მონახვა და მათი გადამზადება. ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. გასულ თვეს, საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნესასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო, სავარაუდოდ, პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა კონკრეტული შედეგების მიღების მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მართალია ეს შეხედულება. ვიდრე ის არსებობს, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ. სასამართლო სისტემის სანდოობის გაზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი პრაქტიკული და შესაძლებელი იმისთვის, რომ გაძლიერდეს სასამართლო.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე საკითხია მიწის რეგისტრაცია - ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის მიწის რომელი ნაკვეთი, ვის აქვს მისი ყიდვა-გაყიდვის უფლება. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს მეთოდები ისეთი დავების გადასაჭრელად, რომლებიც ხშირად წამოიჭრება ხოლმე. მაგალითად, დაწესდეს არბიტრაციის და კომერციული დავების გადაჭრის მეთოდები. საგადასახადო კოდექსის გამარტივება ასევე დამატებითი დადებითი ფაქტორი იქნება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ, სისტემის მანიპულირების და სისუსტეების ბოროტად გამოყენების საშუალების მიცემას მოჰყვება“, - დასძინა მელიამ.