ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონს არ გააჩნია გავლენის ბერკეტები, რაც საჭიროა თეირანში ხელისუფლების შესაცვლელად.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონმა ირანში იმ პოლიტიკურ ძალებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელისუფლების შეცვლას.
„აშშ ისტორიას არ სწავლობს. ამერიკამ 1953 წელს ირანში რეჟიმის შეცვლა განახორციელა. ნახეთ, რა მოუტანა ამან აშშ-ს“, - აღნიშნა მან.
მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, „აშშ ისლამური რევოლუციის შემდეგ რეჟიმის შეცვლის პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ოფიციალურად ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს შეწყდა.
თუმცა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აშშ-მ სინამდვილეში შეწყვიტა ირანში ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკა“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, „ირანში რეჟიმის შეცვლა არ მოხდება, ვინაიდან ირანს არ სჭირდება აშშ გადარჩენისთვის და ლეგიტიმურობისთვის“.