აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა მხოლოდ დროის საკითხია, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, „პრეზიდენტი ტრამპი მოწადინებულია მხარეებს დაეხმაროს ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გადაჭრაში.
„ტრამპი არა მხოლოდ ეწვია ახლახან ვიზიტით ისრაელს, არამედ ბოლო კვირების განმავლობაში თავის მრჩევლებს აგზავნის რეგიონში, რათა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაუყაროს“, - აღნიშნა მაიკლ პენსმა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ ნებისმიერი მშვიდობა სიძულვილის გაღვივებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვს. რაც მთავარია, მდგრადი მშვიდობა მოითხოვს, რომ პალესტინელებმა მიიღონ და აღიარონ ისრაელის სახელმწიფო“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხრიდან უნდა იყოს კომპრომისები.
„თუმცა, ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არასოდეს წავა კომპრომისზე ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან მიმართებაში, არც ახლა და არც არასოდეს“, - დასძინა მან.