საქართველომ უნდა შეცვალოს არსებული შეხედულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გავლენას ასახავს, - ამის შესახებ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის ყოფილმა მოადგილემ, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარმა ტომას მელიამ „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას მელიამ აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას უსწრებს.
„სისტემების რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო კარგ მდგომარეობაშია. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ამ რეგიონში, დემოკრატიული პრინციპები უფრო მეტ ქვეყანაში შესუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. საქართველო კი მეტწილად წინ მიიწევს. დემოკრატიას ბევრი განზომილება აქვს და მაშინ, როცა ერთი შრე ვითარდება, შეიძლება მეორე სუსტდებოდეს. ის, რომ გასულ დეკემბერს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა დაიწყო კარგი ნიშანია. მთავარია როგორ მოხდება ამ რეფორმის აღსრულება. კარგია ის, რომ გატარდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც ქმნის იმის ფუნდამენტს, თუ ვის ეკუთვნის მიწა და ვის შეუძლია ამ საკუთრების ბანკში ჩადებით სესხის გამოტანა ბიზნესის განვითარების მიზნით. თუმცა ამ რეფორმის აღსრულება ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ ხდება. მიწის რეგისტრაციის სისტემა ქვეყნის მასშტაბით არის ასაწყობი“, - განაცხადა მელიამ.
მან ასევე ისაუბრა “რუსთავი 2”-ის საქმეზე და აღნიშნა, რომ რთულია “რუსთავი2”-ის მფლობელის დადგენა.
„ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით სწორედ იმის გამო შეაჩერა, რომ საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. კითხვები კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე; იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამას ზოგადად მედიის თავისუფლებაზე იმ შემთხვევაში თუ არხს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ოპოზიციურ ხმას გამოხატვის საშუალებას აძლევდა მფლობელი ისე შეეცვლება, რომ ოპოზიციას მედიაში აზრის გამოთქმის საშუალება შეეზღუდება. საბოლოო ჯამში, როგორც ამ დავის, ისევე სხვა საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეეძლება, რომელიც გადაწყვეტილებას სამხილზე დაყრდნობით მიიღებს. ამ მხრივ საქართველოს მუშაობა სჭირდება. ქვეყანამ უნდა შეცვალოს არსებული შეხედულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გავლენას ასახავს“, - განაცხადა მელიამ.