პარლამენტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის განხორციელების პროგრესის მეთვალყურეობის მიზნით დაარსებულმა საკოორდინაციო საბჭომ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) ქობულეთში, პირველი რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ფორუმმა თავი მოუყარა სხვადასხვა სამინისტროს, გუბერნიისა და აჭარის მუნიციპალიტეტების დარგობრივი ხელმძღვანელების 60-მდე წარმომადგენელს. მისი მიზანი იყო კანონის, სტანდარტებისა და სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გზით, მუნიციპალიტეტების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გაძლიერება სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს ყველა ბავშვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად.
კანონის ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გატარებისთვის არსებითია მისი განხორციელების პროცესი. კანონის განხორციელების მხარდასაჭერად იუნისეფმა ტექნიკური დახმარება გაუწია სამინისტროებს შემდეგი ეროვნული სტანდარტების შემუშავებაში: ადრეული და სკოლამდელი განათლების ეროვნული სტანდარტები; ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები; ადრეული და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტები; სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ და კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტები. აღნიშნული სტანდარტები საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს 2017 წლის ოქტომბერში.
იუნისეფმა აგრეთვე, ტექნიკური დახმარება გაუწია თბილისის საკრებულოს შემდეგი ნორმატიული აქტების შემუშავებაში: მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემა; სკოლამდელი განათლების დაწესებულებების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა; სამუშაო ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკური ნორმები; სკოლამდელი განათლების სისტემის მუშაკებისთვის პროფესიული სტანდარტები; საჯარო სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ოთარ ჩრდილელისინიცირებით მიიღო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პირველი კანონი.
რეფორმა 4 წლიანია და ქმნის საკანონმდებლო ბაზას სისტემის ფართომასშტაბიანი ცვლილებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს ეროვნულ სტანდარტებს ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის ყველა ბავშვისთვის საქართველოში.
კანონი ითვალისწინებს სკოლისთვის მოსამზადებელ წელს ყველა ხუთი წლის ბავშვისთვის, რათა გაუმჯობესდეს სკოლისთვის მზაობა, აგრეთვე, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განათლების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების, კვების და ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტების დანერგვას.
2017 წელს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით, დაარსდა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დააკვირდება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე სახელისუფლებო უწყებების მიერ კანონის განხორციელების პროგრესს.
საბჭოს მიზანია, ამ სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნის გაზიარება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა კანონის ეფექტიანი და ეფექტური განხორციელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც. მსგავსი გასვლითი შეხვედრების გამართვა საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.