საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
პრემიერ-მინისტრმა NDI-ის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და აღნიშნა, რომ ამ პროცესის ადგილზე შეფასების საშუალება ექნება არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მოწვეულია საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად.
NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.