“პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში იქნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიხეილ ტიტარჩუკს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
„უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიხეილ ტიტარჩუკს ვაჩვენე თბილისის იუსტიციის სახლი. გავაცანი ის სერვისები, რაც მომხმარებელმა ამ სივრცეში შეიძლება მიიღოს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მონაწილეობით, კიევში უკვე ფუნქციონიერებს პირველი იუსტიციის სახლი. უახლოეს პერიოდში კი აშენდება მსგავსი სერვის ცენტრები, უკრაინის ყველა ქალაქში. რაც შეეხება უკრაინის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს, მე ამ დელეგაციაში წარმოდგენილი ვარ უკრაინის პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლის სტატუსით. ვიცი, რომ ხვალ გამართულ ფორუმში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი დეტალები, პრეზიდენტ პოროშენკოს ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.