საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დაიწყოს.

როგორც რურუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცვლილებების შინაარსი, არამედ პროცესიც, რომელიც ჩიხშია შესული.

„ხელისუფლებამ ეს პროცესი ჩიხში შეიყვანა და ახლა უკვე არა მხოლოდ კონსტიტუციის ცვლილების შინაარსია მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი, არამედ პროცესიც - პროცესი იმდენად უვარგისი იყო, იმდენად ფარსი შექმნა ხელისუფლებამ ამ პროცესისგან, რომ სანამ შინაარსზე გადავალთ, თავად ეს პროცესია შესაბრუნებელი, თავიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი ყველა მცოდნე და დაინტერესებული ადამიანის ჩართვით, გამჭვირვალედ იმისთვის, რომ მერე შინაარსში კონსენსუსი მიიღწეს. შერჩებათ ხელში ასეთი ბრიტყვული ქმედებებით არალეგიტიმური, ფსევდო კონსტიტუცია, რომელსაც არავინ დაემორჩილება. პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია“, - განაცხადა რურუამ.

რუსუა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება „ვერ გაყიდის ტყუილებს სიმართლედ“.

„შეხვედრა შეხვედრისთვის რა საჭიროა? აქ ხომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიები შექმნას? ილუზიის შექმნას შეეცადა, როცა ვითომ ჩაატარა საერთო სახალხო განხილვა, როცა თითქოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა მანამდე. ახლაც იძახიან, რომ არაფერს შევცვლით და ისე შევხვდეთო. წარმოდგენა არ აქვთ. ძალიან გაუნათლებელი ხალხია და ილუზიას ქმნიან, რომ რაღაც იციან. ამ ილუზიას ხალხი ხედავს. ვერ გაყიდიან ტყუილებს სიმართლედ. ამიტომ პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, ყველა საქმიანი, მცოდნე ხალხის ჩართულობით, ვენეციის კომისიის ჩართულობით, ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სხვა კონსტიტუციების გამოცდილებით უნდა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ერთი პარტიისთვის კი არ არის კარგი, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის კარგი. რა სასწრაფოა ასე ორ დღეში მიღება? ცხადია, რომ ამას აკეთებს იმიტომ, რომ ოლიგარქის დავალება აქვს ასეთი. ოლიგარქიის დაკანონება უნდათ და კანონის უზენაესობა უნდათ ჩაანაცვლონ კანონით უზენაესობით და ეს საქართველოში არ გავა“, - აღნიშნა რურუამ.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით გუნდის შიგნით მსჯელობას გეგმავს. ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.