თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
როგორც რაშიდ მერედოვმა ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე, პოზიციები გაცვალეს მნიშვნელოვან თემებზე.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე. ამ შეხვედრის შემდეგ, დღესვე, მე შევხვდები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას.
ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, თანამშრომლობა განვითარდეს ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტის სფერო. ნოემბრის ბოლოს თურქმენეთში ენერგოქარტიის ღონისძიება გაიმართება და მე ვთვლი, რომ საქართველოს დელეგაციის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნება",- განაცხადა რაშიდ მერედოვმა.