სემეკში „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" 2017-2018 წლისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" სემეკს სატარიფო განაცხადით მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა და ტარიფების დეპარტამენტმა დაასრულა აღნიშნულ განაცხადზე მუშაობა.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ფლობს მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებს, შესაბამისად, ეს ტარიფი ითვალისწინებს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც კომპანია ეწევა ამ მაგისტრალური გაზსადენების ექსპლუატაციის დროს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მასთან მიმათებაში, რა თქმა უნდა, ეს ტარიფი მონაწილეობს, თუმცა რა წილია, ეს იქნება საბოლოოდ მას შემდეგ გარკვეული, რაც იქნება დადგენილი განაწილების და მიწოდების ტარიფები და მათ შორის, ასევე სამომხმარებლო ტარიფები. ამიტომ წინასწარ თქმა, თუ რა წილი აქვს, ჯერჯერობით რთულია", - განაცხადა შონიამ.
დღევანდელ საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
ხვალ კი, კომისია შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაადგენს.