15-16 ივლისს, ქობულეთში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, სადაც სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიაზე და მისი აღსრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში სასამართლო სისტემის ძირითად გამოწვევებზე და დაგეგმილ რეფორმებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ. შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი მიესალმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის მაისში სასამართლო სისტემის რეფორმის 5-წლიანი სტრატეგია და 2-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნულ დოკუმენტებზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი სტრატეგიული კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობდა, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობითა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობით. პროცესს საწყისი ეტაპიდანვე მხარს უჭერდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზები, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო ექსპერტიზის კუთხით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახდა პირველი პრეცედენტი, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგია სწორედ სასამართლო ხელისუფლებამ შეიმუშავა.
სამუშაო შეხვედრაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრე ეკა ბესელიასთან ერთადმონაწილეობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა და კომიტეტის წევრებმა: ნინო გოგუაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მიიღეს.
ორდღიანი ღონისძიება EU4Justice - სასამართლო მხარდაჭერის პროექტის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანაორგანიზატორობით გაიმართა.