საქართველოს ხელისუფლებამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ უნდა გადასცეს

საქართველოს ხელისუფლებამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ უნდა გადასცეს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სანახავად იმყოფებოდა. 

როგორც შესვლამდე ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლებამ ის თურქულ მხარეს არ უნდა გადასცეს. 

მისვე თქმით, თურქეთში დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელი გამჭვირვალე გამოძიებას არ უნდა ელოდოს. „ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრობლემები თურქეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააბრუნოს ის თურქეთში, რადგან იგი გამჭვირვალე გამოძიებას ან კანონის უზენაესობაზე დამყარებულ პროცედურებს იქ არ უნდა ელოდოს", - განაცხადა რებეკა ჰარმსმა. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ორი თვის წინ დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მას ლტოვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.