ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ელჩისა და გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრას გამოეხმაურა.
„როგორც ცნობილი გახდა 2017 წლის 12 ივლისს გაერო-ში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან, რომლის ფარგლებში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების კონტროლის მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამწუხაროდ, ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო ფორუმების გამოყენებას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ცალმხრივი და ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, საქართველო, დასავლელი პარტნიორების პროტექციის მეშვეობით, ბლოკავს აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობაში.
„შესაბამისად, შეიქმნა პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს პროპაგანდის მიერ გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა, რისი მიზანიც აფხაზეთისთვის არახელსაყრელი იმიჯის შექმნაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.
„ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, პოლიტიზირებული და პოპულისტური ხასიათი აქვთ“, - აღნიშნეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.