თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წლისთავთან დაკავშირებით სტატიას „დემოკრატიის დიდი გამარჯვების პირველი წლისთავი“ აქვეყნებს.
„ინტერპრესნიუსი“ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
„უკვე ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. თურქეთმა ამ დროის განმავლობაში დაამტკიცა, რომ იგი ძლიერი და შეუპოვარია. მნიშვნელოვანია გავიხედოთ წინ, მომავლისკენ, რისთვისაც უნდა შევაფასოთ განვლილი ერთი წელიწადი.
ამისათვის, ჯერ უნდა გავიხსენოთ, თუ რასთან გვქონდა საქმე. იმ ღამის მოვლენები იყო თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მოკალათებული მოღალატეების თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები ემორჩილებოდნენ ერთ შეშლილს, რომელიც საკუთარ თავს „მსოფლიო იმამს“ უწოდებდა. ჩვენ დავუპირისპირდით სისხლისმსმელებს, რომლებმაც დაბომბეს საკუთარი პარლამენტის შენობა, მიწასთან გაასწორეს ტერორიზმთან მებრძოლი პოლიციის სპეცდანიშნულების ძალების ადმინისტრაცია, ტანკები გამოიყვანეს უიარაღო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, საბრძოლო თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაუხსნეს ხალხს. უნდა ითქვას, რომ ჩვენს ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი ბარბაროსული ფაქტი. ამ ტერორისტული ქსელის ქმედებების შედეგად, დაიღუპა 250 და დაშავდა 2000-ზე მეტი მოქალაქე.
როდესაც ვაფასებთ წარსულის ამ მწარე გამოცდილებას, თვალში გვხვდება ორი ფაქტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. პირველი, ნამდვილად საამაყო იყო ქუჩაში გამოსული თურქი ხალხის გამბედაობა და შემართება, საზოგადოებისა და ფართო პოლიტიკური სპექტრის ერთობა პუტჩისტების წინააღმდეგ. ასევე, ის რომ ტელევიზიებმა თავდამსხმელების ზეწოლის მიუხედავად, არ შეწყვიტეს ეთერი. თურქი ხალხი იყო ერთიანი.
მეორე, ჩვენმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიის დაცვა და, რომ ქვეყნას უნდა მართავდეს არა შეიარაღებული დაჯგუფებები, არამედ, ხალხის ნების შესაბამისად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ყველაზე ძლიერი ლეგიტიმაცია დემოკრატიული ლეგიტიმაციაა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ დემოკრატიის გამოცდა.
იმ ღამეს, ჩემმა შვილიშვილმა დამისვა კითხვა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, მან მკითხა: - „ბაბუ, ესენი ჩვენი ჯარისკაცები არ არიან?“. მართლაც ძნელი წარმოსადგენია, თუ რამ უნდა აიძულოს ადამიანი ამგვარი სისხლიანი თავდასხმა მოაწყოს საკუთარ ხალხზე, სახელმწიფო უწყებზე, მის სიმბოლოებსა და ხელმძღვანელებზე.
ამ კითხვის პასუხი მდგომარეობს თავად იმ მოღალატური ქსელის ბუნებაში, რომელსაც ჩვენ იმ ღამეს დავუპირისპირდით. ეს კრიმინალური ქსელი ბრმად ასრულებდა მათი თავკაცის ფეთულლაჰ გულენის ბრძანებებს, რომელიც გადაეცემოდათ ერთ-ერთი თეოლოგიის პროფესორის მეშვეობით. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც ერთ-ერთ ცენტრალურ სამხედრო ბაზაზე, სამხედრო სალამს აძლევდნენ FETÖ-ს კუთვნილი ერთ-ერთი ფირმისა და სკოლის ხელმძღვანელებს, რითაც მათ შებღალეს თურქი ჯარისკაცის დიდება და პატივი. ამ ქმედებით ისინი გახდნენ მოღალატე დაჯგუფების წევრები.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა მთავრობამ 15 ივლისის ღამემდე გააცნობიერა ფეთულაჰ გულენის ჭეშმარიტი სახე და დაიწყო მის წინააღმდეგ მოქმედება. იგი ცდილობდა გამოეაშკარავებინა სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრირებული მისი დანაყოფები, რაშიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კიდეც, მაგრამ 15 ივლისის პუტჩმა ნათლად აჩვენა, რომ მის წინაშე არსებული საფრთხე ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი, ღრმა და ყოვლისმომცველი იყო, ვიდრე ამას წარმოიდგენდა. ასევე, გამოაშკარავდა იმ ორგანიზაციის მასშტაბი, რომელიც ფეთულაჰ გულენი ქმნიდა 40 წლის განმავლობაში, თურქეთის სახელმწიფოს ხელში ჩასაგდებად. FETÖ-ს წევრები, ფეთულაჰ გულენის მითითებების შესაბამისად, ყველასათვის შეუმჩნევლად მოქმედებდნენ სახელმწიფო სისტემის შიგნით და ეტაპობრივად ისე შეაღწიეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცენტრში, როგორც ამას აკეთებს ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომელიც ნელ-ნელა იკავებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ორგანოს. 15 ივლისის შემდეგ, ერთი წლის მანძილზე ჩატარდა ფართომაშტაბიანი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის გამოძიებები, რა დროსაც მოპოვებულია ურყევი მტკიცებულებები, პუტჩის ამ ორგანიზაციის მიერ დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.
გამოძიებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მცდარ ეზოთერიკულ-რელიგიურ მოძღვრებაზე დამყარებულ ორგანიზაციასთან, რომელიც შეიქმნა ფეთულაჰ გულენის მეთაურობით. მის სასწავლებლებში და საერთო საცხოვრებლებში ხდებოდა ახალგაზრდების „ტვინების გამორეცხვა“ და მათი ზონდერებად რეკრუტირება. ამ ორგანიზაციის წევრები სწავლის დასრულების შემდეგ, „მესიად“ მიიჩნევდნენ საკუთარ ლიდერს და ერთგულად ემსახურებოდნენ მას. ასევე, ისინი წარმატებით ახერხებდნენ სახელმწიფო უწყებებში ფეხის მოკიდებას. ამგვარად, ამ ადამიანებმა, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ ყოველგვარ უკანონო და უზნეო მითითებებს, მიაღწიეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებს. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: სახელმწიფო მოხელეების საკვალიფიკაციო გამოცდების გაყალბება, უკანონო მოსმენები, შანტაჟი და ფიქტიური სარჩელები. მის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და ფონდების საფარქვეშ მოქმედი სტრუქტურები. ასევე, დიდი ჰოლდინგებისა და ბანკების მეშვეობით ხდებოდა მილიარდობით დოლარის მიმოქცევის გათეთრება. ამ ორგანიზაციის კუთვნილი მედია საშუალებები ასრულებდნენ მისი პროპაგანდისტული მანქანის ფუნქციას. ნუთუ არსებობს „განათლების სისტემა“, რომლის წევრებიც მუშაობენ უჯრედების პრინციპით, ერთმანეთს მიმართავენ კოდური სახელწოდებებით, იყენებენ შიფრს საკომუნიკაციოდ, საკუთარ წევრებს ასწავლიან დაზვერვის სამსახურებისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და საკუთარი პიროვნების დაფარვის ტექნიკას? ამ ახალი თაობის ტერორისტულმა ორგანიზაციამ გამოიყენა უკლებლივ ყველა საშუალება, რომ გაენადგულებინა ისინი, ვინც მათიანები არ იყვნენ და ამგვარად, საკუთარი გაუკუღმართებული მიზნების შესაბამისად, შეეცადა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას. აი, რას დაუპირისპირდა თურქი ხალხი 15 ივლისს.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ მიღებულმა ზომებმა თურქეთში წელში გატეხა ეს ორგანიზაცია, მაგრამ საშიშროება არ შემოიფარგლება მხოლოდ თურქეთით, ვინაიდან მას მრავალ ქვეყანაში აქვს მსგავსი სტრუქტურები ჩამოყალიბებული. ისინი ახლა სხვა ქვეყნებში აგრძელებენ ღალატის მარცვლების თესვას. ეს ორგანიზაცია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ახლა უფრო აქტიურად იბრძვის მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შენარჩუნებისათვის, ამიტომ გვინდა, რომ კვლავ გავაფრთხილოთ ჩვენი მეგობრები.
თურქმა ხალხმა, მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ დემოკრატია ეს არის ისეთი ფასეულობა, რომლის მოპოვება რთულია და ღირს მისთვის თავდადება. ჩვენი მოვალეობაა, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა მომავალში აღარ აღმოვჩნდეთ მსგავსი საფრთხის წინაშე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ასეთი რთული პროცესი წარვმართოთ კონსტიტუციური წყობის ფარგლებში. შეიძლება ითქვას, რომ მოხდა დემოკრატიის გამოცდა და მან გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გადაიდგას დროული და საჭირო ნაბიჯები, რათა დემოკრატია კიდევ უფრო განმტკიცდეს და მას ვეღარაფერი დაემუქროს მომავალში“, - წერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სტატიაში.