რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ქვეყანა ნატო-ში შესასვლელად მზად არ იყოს

რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ქვეყანა ნატო-ში შესასვლელად მზად არ იყოს

საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატო-ს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ანალიტიკოსმა იანუშ ბუგაისკიმ განუცხადა.

კითხვაზე, რას ეუბნება საქართველოს ამერიკა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ჩასვლით, იანუშ ბუგაისკი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

„საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ის ამერიკისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატო-ს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს. პენსის სტუმრობა გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებს თბილისისაგან დისტანცირებაზე არ უფიქრია და რომ რუსეთს ქვეყნის დანაწევრების უფლებას არ მისცემს. ამგვარად, მიმაჩნია, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. იმედია, პენსის სტუმრობას მნიშვნელოვანი განცხადებები და შესაძლო ახალი ინიციატივები მოჰყვება, რომელიც საქართველოს ნატო-სკენ სვლას გაუადვილებს“, - განაცხადა იანუშ ბუგაისკიმ.

კითხვაზე, როგორ აფასებს ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარის განცხადებით, საქართველო აღიარებული ლეგიტიმური მთავრობების ციკლს გადის.

„შემდეგ მთავრობა იწყებს მოქმედებას, მათ შორის, ასწორებს კონსტიტუციას და ზეწოლის ქვეშ აქცევს მედიას, რაც მის მიმართ ოპოზიციურ განწყობებს წარმოშობს. ამგვარად, მიმდინარე მოვლენებს ხსენებული ციკლის ნაწილად ვხედავ. მაგრამ საქართველოს სამოქალაქო სისტემა, საქართველოს ოპოზიცია საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, შექმნას ერთპარტიული მმართველობა. პერსპექტივაში საქართველოს მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი. თუმცა დრო და დრო წარმოიქმნება მღელვარება, რომელსაც რუსეთი, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს. რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ის ნატო-ში შესასვლელად მზად არ იყოს“, - განაცხადა იანუშ ბუგაისკიმ.