ეგვიპტეში უკრაინის ელჩი ორი უკრაინელი ტურისტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

ეგვიპტეში უკრაინის ელჩი ორი უკრაინელი ტურისტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

უკრაინის ელჩი ეგვიპტეში გენადი ლატიი უკრაინულ მედიასთან არ ადასტურებს ინფორმაციას ეგვიპტის კურორტ ხურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

„დღეისთვის არ ვადასტურებთ, რომ დღევანდელი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შორის უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენი ინფორმაციით, ისინი შეიძლება იყვნენ გერმანიის ან სომხეთის მოქალაქეები“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა. მისივე თქმით, დაჭრილია ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც უკრაინაშია დაბადებული, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

ამ დროისთვის ხურგადაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის კურორტ ხურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად, ხუთი გერმანელი ტურისტი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, თავდასხმა მამაკაცმა განახორციელა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული.

ზოგიერთი მედიასაშუალება ამავე კურორტზე ორი უკრაინელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ იუწყება. მედიის ინფორმაციით, დამნაშავე ტურისტებს თავს პლაჟზე დაესხა.