წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც თურქეთში სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს, არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და თურქეთში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი.
„წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების, ვინც წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, უსაფრთხოებას, ან წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითებს ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ წერენ თავიანთ მოხსენებას და წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობიან. თუ არ ჩავთვლით ასეთ მოხსენებებს, არ არსებობს კონკრეტული ფაქტი საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ დასახელებული, რომელიც თურქეთში მომხდარ მსგავს ფაქტებს აღწერდა", - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ვერ მიიღებენ ვერანაირ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, ან ვინმე არაადამიანურ მოპყრობას განიცდიდეს.
საქართველოში თურქეთის ელჩის თქმით, თურქეთი უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი პირის სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.
ელჩის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. მისივე თქმით, უდანაშულობის პრეზუმფცია თურქეთის სასამართლოსთვის ფუნდამენტური პრინციპია.
„აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, თამამად შეუძლია წარსდგეს თურქეთის სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და აქ არ არის რაიმე საფრთხე", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, თურქეთის სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ელჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის ყოველთვის ღია იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარი.
„მაშინ, როდესაც არსებობს სამართლებრივი სასამართლოს ყველა მექანიზმი, თავიდანვე ასეთი არასწორი და მცდარი ბრალდებების წამოყენება, მე ძალიან არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ის კონკრეტულ სამართლებრივ პროცესზე ვერ ისაუბრებს.
მისივე თქმით, თურქეთში დაწერილ საბრალდებო დასკვნაში არის მოყვანილი ძალიან ნათელი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი.
„აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, რომ ეს ადამიანი წარსდგეს სასამართლოს წინაშე თურქეთში და იქ ისაუბროს მის წინაშე წაყენებული ბრალეულობა არის თუ არა სამართლიანი და მართებული", - განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადაცია, ელჩის განცხადებით, ის ამ კითხვაზე ვერაფერს უპასუხებს, რადგან ამაზე პასუხის გაცემა საქართველოს სასამართლოს შეუძლია, თუმცა თურქეთის ელჩი საქართველოში, ექსტრადაციის ხელშეკრულების საფუძველზე ვერ ხედავს ვერანაირ წინააღმდეგობას იმისთვის, რომ ამ პირის ექსტრადაცია არ მოხდეს.
25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3 თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს.