გარედან ყვირილი „შევხვდეთ, შევხვდეთ”, იმ პოლიტიკური თამაშის ნაწილად მეჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნება” ოპოზიციას არ ხვდება

გარედან ყვირილი „შევხვდეთ, შევხვდეთ”, იმ პოლიტიკური თამაშის ნაწილად მეჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნება” ოპოზიციას არ ხვდება

გარედან ყვირილი და ძახილი: - შევხვდეთ, შევხვდეთ”, იმ პოლიტიკური თამაშის ნაწილად მეჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნება” ოპოზიციას არ ხვდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

როგორც სესიაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების უმეტესმა ნაწილმა და ასევე პრეზიდენტმა სცადეს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისა და ხელისუფლების კრიტიკისათვის გამოეყენებინათ და არ ყოფილიყვნენ საქმეზე ორიენტირებული.

”ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ინტენსიურ, ყოველდღიურ რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავა. კომისიაში ჩართვაზე შეთავაზება ჰქონდა ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას. არც ერთი კარი დახურული არ იყო. გარდა ამისა, ყველა ფორმატში იყო საჯარო განხილვები. გარკვეულმა ოპოზიციურმა ფრთამ, მათ შორის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა ამ პროცესში შეგნებულად და მიზანმიმართულად არ მიიღეს მონაწილეობა, რათა შემდგომში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ პროცესი დახურული იყო, არ ვიყავით ჩართული და ასე შემდეგ. მათ მიერ ხელოვნურად შეიქმნა გარემოება, თვითონ არ მიიღეს მონაწილეობა და დღეს ამბობენ: ”იცით რა, ვილაპარაკოთ, ვილაპაკაროთ”. სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების თუ პოლიტიკური ძალების შემოთავაზებების 70% მაინც გავითვალისწინეთ. ახლა ამ ყველაფრის უკან დაბრუნება არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ პროცესი შეაფერხონ. ”ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია დიალოგის წარმოება, მაშინაც კი, როცა ჩვენი ოპონენტები არაკონსტრუქციულად იქცევიან. ყველაფრის მიუხედავად, ”ქართული ოცნება” ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას, როგორც მმართველ ძალას აკისრია. მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი, მაგრამ არა იმ ფორმატითა და შეძახილით, რომ დიალოგის ფორმატი კვლავაც ხელისუფლების უაზრო და უსაფუძვლო კრიტიკისთვის გამოიყენონ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილმა 2015 წლის პროცესებიც გაიხსენა, როცა ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 2020 წლისათვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება განახორციელა და აღნიშნა, რომ მაშინ ამ ინიციატივას არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ და არც სამოქალაქო საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა.

”მაშინაც ოპოზიციამ იფიქრა, მოდი ამ დროს გამოვიყენებ და ხელისუფლებას შევაგინებო. ეს ასე გაგრძელდა და იძულებული გავხდით, არსებული სისტემა დაგვეტოვებინა. გამახსენეთ რომელიმე ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიციასთან ასეთი შეთავაზება ჰქონდა - არც ერთი! დღესაც იგივე ლანძღვა გრძელდება”, - დასძინა სესიაშვილმა.