დღეს პარლამენტში დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც გაანალიზდა საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა, მიხეილ კოტიშაძემ, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების (ინოვაციური ტექნოლოგიების პატენტების) როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
„ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად ითვლება და საჭიროა ასეთი ტექნოლოგიების არა მარტო შემოტანა, არამედ შექმნა, რისთვისაც აუცილებელია საგამომგონებლო უნარების სწავლება ახალგაზრდებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისათვის, რომლის შემადგენლობაში არიან: საშუალო, მცირე და ინდივიდუალური მეწარმეები, დიასახლისები, შშმ პირები", - განაცხადა მიხეილ კოტისაძემ. მისი თქმით, ამჟამად განათლების არცერთ საფეხურზე ეს არ ისწავლება. მას მიაჩნია, რომ ამ ამოცანების გადასაჭრელად საჭიროა საქართველოში, დაფუძნდეს საგამომგონებლო ცენტრები სამხრეთ კორეის მოდელის მიხედვით. საგამომგონებლო უნარების სწავლების მეთოდიკა ეფუძნება აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში აპრობირებულ მეთოდიკას და მიხეილ კოტისაძის პირად 12 წლიან გამოცდილებას.
მომხსენებელმა წარმოადგინა პირველი საგამომგონებლო ცენტრის სტრუქტურა, მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ამოცანები.
დეპუტატებმა იმსჯელეს საქართველოში საგამომგონებლო პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. კობა ნარჩემაშვილის მოსაზრებით, საგამომგონებლო ცენტრების შექმნა აუცილებელია ქვეყნის სწრაფი წინსვლისა და განვითარებისთვის. „ქვეყნის განვითარების გზა გადის განათლებასა და მეცნიერებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ და ცარიელი სივრცე შევავსოთ. ბევრი საკითხი ეტაპობრივად გადასაწყვეტი იქნება. დარწმუნებული ვარ, პროცესი წარმატებით დაიძრება და განხორციელდება, თუ ამ საკითხისადმი სისტემური მიდგომა გვექნება და მძლავრი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოდან ინტელექტის გადინების საკითხზე. მისი თქმით, მოსაფიქრებელია ის მექანიზმიც, რომელიც საქართველოში შემუშავებულ გამოგონებებს დაიცავს, რათა ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს.
საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, მანანა მიქაბერიძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება.