ეკა ბესელია მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა

ეკა ბესელია მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობს ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა".

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებს და საქართველოს როლის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ენერგოუსაფრთხოება და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაცია. ღონისძიების ფარგლებში, დისკუსია გაიმართება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე.

კონფერენცია, გუშინ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მარუშ შეფკოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ფინანსურ შეთანხმებებს. კონფერენცია მუშაობას დღეს დაასრულებს.

საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა'' 2007 წლიდან იმართება.