ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელი სესიის თემაა „ევროკავშირი საქართველოსთვის - დახმარება, თანამშრომლობა და განვითარება“. როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ევროკავშირისგან საქართველო მომდევნო 3 წლის განმავლობაში სოლიდურ დახმარებას ელოდება, რომელიც გადანაწილდება განათლების სფეროს, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად.
„გვინდა, რომ მაქსიმალურად გონივრულად, თანმიმდევრულად და სწორად გაიხარჯოს ეს თანხები გამომდინარე იქედან, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება 2017-2020 წლების დახმარების 3-წლიან პროგრამასთან დაკავშირებით. სექტემბრისთვის გავიგებთ რა თანხაზეა საუბარი. როგორც ვიცით, საკმაოდ სოლიდური თანხაა - საქართველოსთან მიმართებაში დაფინანსება არის გაზრდილი, რაც არის ძალიან პოზიტიური სიგნალი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დასკვნითი სესიის განსახილველ საკითხებს შორისაა ასევე, ევროკავშირის განვითარების პოლიტიკა და მისი შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის დახმარების ძირითადი პრიორიტეტები 2017-2020 წლებისთვის; ინიციატივები - „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და „ევროკავშირი ენერგეტიკისათვის“, როგორც ტრანსფორმაციის მხარდამჭერი მთავარი ინსტრუმენტები.
კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 16:00 საათზე დაიხურება.