საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში, მათ შორის, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, კონსულტაცია შედგება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე მდინარაძე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება გაიმართოს შეხვედრა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, მით უფრო მაშინ, როცა ეს ქვეყნის ინტერესს და მის ძირითად კანონს ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში, მათ შორის, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგება კონსულტაცია და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მამუკა მდინარაძემ.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ კი საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრის გამართვაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის.