უპირველეს ყოვლისა, თუკი ხელისუფლებას მართლა სურს ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა, იმ მოცემულობას უნდა დაუბრუნდეს, რა მოცემულობითაც დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
“პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2020 წლისათვის მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი საკონსტიტუციო კომისიას და საზოგადოებას მიაწოდა როგორც მოცემულობა. ამ მოცემულობაზე იმსჯელა და იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ 5 თვე. ამ მოცემულობით შედგა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვები. ამ მოცემულობაზე იმსჯელა და გააკეთა დასკვნები ვენეციის კომისიამ. ამიტომ თუკი ხელისუფლებას სურს კონსენსუსის მიღწევა, ის იმ მოცემულობას უნდა დაუბრუნდეს, რითაც საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წარიმართა მუშაობა”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” შალვა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მოფიქრებული აქვს ერთჯერადად, 2020 წლისათვის საარჩევნო ბარიერის დაწევა და ბლოკების დაშვება, მაგრამ ეს არავითარი დათმობა არ არის და თამაშს წარმოადგენს.
“ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი იმისა, შექმნას სატელიტი პარტიები, წაახალისოს ისინი და შეიყვანოს პარლამენტში. ხოლო 2020 წლის შემდგომი არჩევნებისთვის პარტიებს დახვდება აწეული ბარიერი და ბლოკების აკრძალვა. ეს არის თამაში და სურთ, რომ ამას კონსენსუსი დაარქვან”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” შალვა შავგულიძემ.