საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ბერშუეთისკენ მიემართებიან

საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ბერშუეთისკენ მიემართებიან

საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები მსვლელობით სოფელ ბერშუეთისკენ მიემართებიან. თბილისში დაგეგმილი „ქართველთა მარშის“ პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან, მდუმარე აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე დილიდან გაემგზავრნენ.

ბერშეუთისკენ მიემგზავრებიან ოპოზიციური პარტიის წევრები, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე რიგითი მოქალაქეები.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ოკუპაციის საკითხი გამქრალია ყველა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ეს აქციაც არის ამ შედეგის გასაპროტესტებლად.

”მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი იყოს მუდმივი”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი მტერი სწორედ საოკუპაციო ხაზთან დგას და არა საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან.

„14 ივლისს, 20:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.