ჯანი ბუკიკიოსთან მქონდა სატელეფონო საუბარი, იგი საკონსტიტუციო პროცესებით შეშფოთებული და იმედგაცრუებულია

ჯანი ბუკიკიოსთან მქონდა სატელეფონო საუბარი, იგი საკონსტიტუციო პროცესებით შეშფოთებული და იმედგაცრუებულია

ჯანი ბუკიკიოსთან მქონდა სატელეფონო საუბარი, იგი საკონსტიტუციო პროცესებით შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ ”პალიტრა ნიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი კონკრეტულად უკმაყოფილოა საპარლამენტო საარჩევნო სისტემით.

”ბატონ ჯანისთან და სხვებთანაც ვენეციის კომისიაში მაქვს საკმაოდ ახლო და საქმიანი ურთიერთობები. მე ბატონ ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი მქონდა გაცილებით ადრე, ვიდრე იგი ჩამობრძანდებოდა საქართველოში. ეს იყო მეორედ მოსმენის შემდეგ დღეს. ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილეთ ეს თემები. ბატონი ბუკიკიო მაშინვე იყო ძალიან შეშფოთებული, ძალიან იმედგაცრუებული, რადგან იქამდე დაახლოებით 5 დღის წინ ვენეციაში ესაუბრნენ ერთ ვერსიაზე, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიიღეს სხვა ვერსია. ვისაუბრეთ სწორედ ამ გამოსავლებზე. მან მაშინვე მითხრა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და ისიც მთხოვა, რომ მისი პოზიციები ჩამოსვლამდე არ გამეხმოვანებინა. ეს არის ეტიკეტის დაცვა. კონკრეტულად უკმაყოფილოა საპარლამენტო საარჩევნო სისტემით იმიტომ, რომ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის ექსკლუზიურ ბონუსურ ვერსიაზე ვენეციის კომისია თავიდანვე ამბობდა, რომ არის არასწორი. ამ თემაზე სასაუბროდ ჩავიდნენ ვენეციის კომისიაში, იქ ეს ექსკლუზიური ბონუსური სისტემა გასწორდა და უფრო სამართლიანი სისტემა შემუშავდა, თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ არაფერს ვცვლით მომავალი არჩევნებისთვისო”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე სრულიად ღიად და აშკარად გამოთქვამდნენ შეშფოთებას ევროპარლამენტარებიც იმის გამო, რომ საკონსტიტუციო საკითხზე საქართველომ ვერ მოახერხა ევროპული სტანდარტის დაცვა.

”ევროპარლამენტარებთან მეც მქონდა შეხვედრა. ჩემთან საუბარში ისინი სრულიად ღიად და აშკარად გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ამ ძალიან ფუნდამენტურ საკითხზე საქართველომ ვერ მოახერხა იმ სტანდარტის დაცვა, რასაც ევროპა და ევროპარლამენტი ელის ჩვენგან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში გადავედით. ევროპარლამენტარები იყვნენ სწორედ იმით შეშფოთებულები, რომ პირველივე სერიოზული პოლიტიკური მოვლენით - არჩევნებით, რომელიც ასოცირების შემდეგ მოხდა საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო ერთმა პარტიამ, რაც ევროპულ სივრცეში გაუგებარი და წარმოუდგენელი ვითარებაა და მეორე, საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ამავე უმრავლესობის გამოისობით 2 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ჩაიკეტა პარლამენტში”, - განაცხადა უსუფაშვილმა.