გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტსა და კანონებში

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტსა და კანონებში

თბილისი. 12 ივლისი 2017 - 2017 წლის 6-12 ივლისს გაიმართა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების სამუშაო შეხვედრები საქართველოს პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ექვსდღიანი სამუშაო მარათონი მიზნად ისახავდა გენდერული ბიუჯეტის ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკაზე მსჯელობას და გენდერული თანასწორობის გათვალისწინების გზების განხილვას პოლიტიკისა და კანონშემოქმედების პროცესში.

შეხვედრებისა და ტრენინგის ინიციატორი იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ხელშეწყობით.

პარლამენტის წევრის, ნინო გოგუაძის სიტყვებით, „გენდერული საკითხების, ქალისა და კაცის თანასწორობის მნიშვნელობა სულ უფრო გასაგები ხდება საზოგადოებისათვის, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია გენდერული თანასწორობა ქვეყნის პოლიტიკის მუდმივი შემადგენელი ნაწილი გახდეს. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში უკვე დავიწყეთ მუშაობა კანონმდებლობის გენდერული ანალიზის განსახორციელებლად. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელმაც სახელმწიფო რესურსების გონივრულ და თანაბარ გადანაწილებას უნდა შეუწყოს ხელი. გენდერული მეინსტრიმინგი განგრძობადი პროცესია, რომელიც ვერ დასრულდება ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევის შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, რომ გენდერული თანასწორობა გახდეს სახელმწიფოს პოლიტიკის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი და ამ საკითხზე ზრუნვას განსაკუთრებული ძაილსხმევა აღარ დასჭირდეს".

ექვსდღიანი სამუშაო სესიის მსვლელობაში, GGI-ის გენდერული ბიუჯეტისა და გენდერული გავლენის ანალიზის ცნობილმა ექსპერტმა, შილა ქუინმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხილვის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) მეთოდი, რომელიც გამოიყენება იმის განსაჭვრეტად, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული პოლიტიკა თუ კანონმდებლობა ქალებსა და კაცებზე, და თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკისა გამოყენება გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

შილა ქუინი ასევე შეხვდა უთანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახლახან შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარეს და ესაუბრა მას კომისიის სამომავლო გეგმების, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გენდერული გავლენის ანალიზისა და გენდერული ბიუჯეტირების მეთოდების გამოყენების გზების შესახებ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გააგრძელებს გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) მეთოდის დანერგვას საქართველოში. მეთოდოლოგიის გამოცდა დაგეგმილია ორ საცდელ კანონპროექტზე. ამ საპილოტე ინიციატივის შედეგები ცნობილი გახდება 2017 წლის შემოდგომაზე.