ილია ელოშვილი:  რატომ დავდეთ ”გაზპრომთან” კონტრაქტი? - იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მათი გაზი

ილია ელოშვილი: რატომ დავდეთ ”გაზპრომთან” კონტრაქტი? - იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მათი გაზი

რატომ დავდეთ ”გაზპრომთან” კონტრაქტი? - იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მათი გაზი გარკვეულ პერიოდებში - ავარიის ან ბუნებრივი კლიმატური პირობების დროს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ”გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების მიზეზების განმარტებისას განაცხადა.

როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, ”გაზპრომთან” იმის ვალდებულება, რომ გარკვეული მოცულობის გაზი შეიძინოს არ არსებობს და ბუნებრივი აირის შეძენა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ამის საჭიროება იქნება.

„გაზპრომთან” დაკავშირებით დეტალებში არ წავალ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ”გაზპრომთან” ჩვენი კონტრაქტი დასრულდა. როცა კონტრაქტი სრულდება, მხარეები იწყებენ მოლაპარაკებებს. იმის თქმა, რომ საქართველოსთვის პირობები გაუარესდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. პირობები უარესდება მიმდინარე კონტრაქტში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ იწყება ახალი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ორივე მხარე ცდილობს, თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ შევალ, თუ რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის, ეს არის ცივილური სამყარო. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ან ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ იმ პირობებზე, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის.

მთავარია ის, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს იმისა, რომ რაიმე მოცულობა შევიძინოთ. ჩვენ ვყიდულობთ ”გაზპრომის” გაზს, როცა არ გვყოფნის გაზი. ალტერნატივა არის ის, რომ თუ არ გვეყოფა გაზი გავთიშოთ თბოსადგურები და მოსახლეობაც შესაბამისად. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, გვირჩევნია ”გაზპრომის” გაზი მოვიხმაროთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.