სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემას არ განვიხილავთ

სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემას არ განვიხილავთ

სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემას არ განვიხილავთ, - ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრ ვაან მარტიროსიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „სომხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის გაშვებას იმედოვნებს“.

როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე და საუბარი არ არის არავითარ დამატებით წინაპირობებზე, რომელიც სომხეთს აფხაზეთის გავლით სავაჭრო დერეფნის გახსნის იმედს მისცემდა.

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რუსეთის მხარესთან იმის თაობაზე, რომ ამოქმედდეს 2011 წლის შეთანხმება. ამისთვის საჭიროა კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან (SGS) როგორც ჩვენი, ისე რუსეთის მხრიდან. ამ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები. უნდა დასრულდეს ხსენებულ კონტრაქტებზე მუშაობის მოსამზადებელი ეტაპი და მოხდეს მათი გაფორმება. ამის შემდეგ შეიქმნება ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეთანხმების იმპლემენტაციას“, - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რა შეიცვალა ახლა, მაშინ როდესაც 6 წელია, შეთანხმების იმპლემენტაციის მზადყოფნა არ არსებობდა, აბაშიძის თქმით, პროცესი „ოდესმე უნდა დასრულებულიყო“.

„ჩვენ წელიწადნახევრის წინ დავასრულეთ მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. მუდმივად ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს. ახლა დავაყენეთ საკითხი კონკრეტული ვადების განსაზღვრის თაობაზე. დაუსრულებლად ეს პროცესი ვერ გაგრძელდებოდა, ოდესმე უნდა დამთავრებულიყო. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მომხდარიყო და მგონი, ახლა რაღაც პერსპექტივა გამოჩნდა“, - დასძინა ზურაბ აბაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან კონტრაქტების ხელმოწერის ვადები ახლო მომავალში განისაზღვრება.

როგორც ცნობილია, სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის გაშვებას იმედოვნებს. newsarmenia.am-ის ინფორმაციით, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი გამოეხმაურა გამოცემა „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო დერეფნის შესახებ „ყოფილი ქართული ავტონომიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით“. მისი თქმით, აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანი სომხეთს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ზემო ლარსის ალტერნატივა, რაც შეამსუბუქებს სატვირთო გადაზიდვებს ჩრდილოეთით, წარმოშობს კონკურენციას და დადებითად აისახება საფასო პოლიტიკაზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ერთის მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, რუსეთს შორის შესაბამისი კონტრაქტები ამ დრომდე არ გაფორმებულა.