საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში თავის ვალდებულებებს ასრულებს და ჩვენ ამის ნაყოფს უკვე ვხედავთ

საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში თავის ვალდებულებებს ასრულებს და ჩვენ ამის ნაყოფს უკვე ვხედავთ

საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში თავის ვალდებულებებს ასრულებს და ჩვენ ამის ნაყოფს უკვე ვხედავთ, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, იმისთვის, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით ურთიერთობები გამყარდეს.

”დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნათლად არის გამოსახული ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საუკეთესო მდგომარეობით. ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა გასულ წელს, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგები.

ჩვენ ბევრი სკეპტიკოსი გვყავდა თუ როგორ იმუშავებდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ მათი პოზიცია მცდარი აღმოჩნდა. ჩვენ დავინახეთ როგორ აახლოებს ეს პროცესი ჩვენს ეკონომიკებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ვხედავ ორმხრივი სარგებლობის ნიმუშს.

ჩვენ ყველა იმ პროგრესულ რეფორმას ვუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს ნათლად გამოკვეთილ ლიდერად აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.

მიმდინარე წელს ევროკავშირი 60 წლის გახდა. 60 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ევროპას, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ეს გახლავთ ყველაზე გრძელი პერიოდი მშვიდობისა ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. მშვიდობა არის ის, რომლის ფასი ძალიან კარგად ვიცით ამ რეგიონში. ჩვენც ასევე ვახსენებთ საკუთარ თავს, რამდენად გაგვიმართლა ვიცხოვროთ ისეთ გარემოში, სადაც შეიძლება ყველა პრობლემა მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ვეძებთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმს”,- განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.