ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა

ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა

ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს , რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გველოდება და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე.

”არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უმთავრესი, საბოლოო მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ მზად ვართ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმების სრულად და ეფექტიანად განხორციელების გზით. ამავე დროს, ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს ჩართულობა, გავაღრმავოთ სექტორული თანამშრომლობა და მივაღწიოთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეს ევროკავშირთან, გავაძლიეროთ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და მზად ვართ შევასრულოთ ამ სტრატეგიის ამოცანების შესაბამისი როლი რეგიონში”,- განაცხადა პრემიერმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონსტრიბუტორი და 1999 წლიდან შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში,

”საქართველო გმობს ძალადობის ნებისიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველომ წარმატებით დაასრულა მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში და ამჟამად მონაწილეობს ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ცენტრალური აფრიკის და მალის რესპუბლიკებში.

სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე საუბრისას, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო არის და იქნება სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის.

ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე, ამ ხედვის რეალობას ქცევის გეგმა.

ჩვენი მზიანია მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს, რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.