სუს-მა ოთარ აბესაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცა

სუს-მა ოთარ აბესაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის მასალები მიიღო, მათ შორის არის სამი დისკი.

როგორც ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ საქმეში არსებულ მასალებს არ გასცნობია, არ იცის მისი შინაარსი და არც ის, თუ რა არის ასახული დისკებზე. ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ჯერ ცნობილი არ არის თუ რომელ საათზე წარუდგენს გამოძიება ბრალს ოთარ აბესაძეს, თუმცა როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალის წარსადგენად გამოძიებას დრო 22.00 საათამდე აქვს.

”ოთარ აბესაძეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ ემოციურად საკმაოდ რთულად იმყოფებოდა. დღეს მე ის არ მინახავს. მირჩევნია გავეცნო საქმის მასალებს და მას ბრალის წარდგენის დროს ვნახავ. გუშინ საქმესთან დაკავშირებით მასთან არ მისაუბრია, რადგან მძიმე ფონი ჰქონდა”, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.