ქვეყანა გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე, საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება

ქვეყანა გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე, საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება

კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საყოველთაოდ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

”მოხარული ვარ, რომ ბათუმში ვმასპინძლობთ ქართველ და უცხოელ კოლეგებს, პარლამენტების, მთავრობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს, ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის აწმყოთი და მომავლით.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საყოველთაოდ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

გასული 26 წლის განმავლობაში, საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების როლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ერთგული არიან დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე. საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება.

მისი მიზანია ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება. კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.