დონალდ ტრამპი:  ვლადიმერ პუტინს ჰილარი კლინტონის გამარჯვება აწყობდა

დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინს ჰილარი კლინტონის გამარჯვება აწყობდა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვება უფრო აწყობდა.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ძლიერ შეიარაღებულ ძალებს და ზუსტად ეს შეიძლება არ მოსწონდეს რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.

„ჰილარი კლინტონს არჩევნებზე რომ გაემარჯვა, ჩვენი შეიარაღებული ძალები გაკოტრებული იქნებოდა. აი რა არ მოსწონს პუტინს ჩემში. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მე ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის ვიბრძვი, ხოლო მას კი ეს არ სურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მას მუდმივად ესმის, რომ რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მისი და არა ჰილარი კლინტონის ხილვა სურდა.

„ჰილარი კლინტონი არ დახარჯავდა ფულს შეიარაღებულ ძალებზე. ბევრი რამეა ისეთი, რასაც მე ვაკეთებ და რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც პუტინს სურს“, - განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს აშშ-ში ფიქალის ნავთობის მოპოვების გაზრდას, რაც ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების დაცემას გამოიწვევს, ხოლო ეს კი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ენერგორესურსების ექსპორტირებას ვაპირებთ. პუტინს კი ეს არ სურს. მას ჰილარი უფრო აწყობდა, რომელსაც ქარის წისქვილების აშენება სურდა. ასეთ შემთხვევაში ენერგორესურსების ფასი გაიზრდებოდა, ხოლო რუსეთი კი ძალიან არის დამოკიდებული ენერგორესურსებზე“, - დასძინა ტრამპმა.