ვიქტორ დოლიძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ვიქტორ დოლიძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს, რომელთაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ ბათუმის კონფერენცია ქცეულიყო საერთაშორისო ბრენდად, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და მე მგონი, ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუკი ვიტყვი, რომ იგი რეალურად საერთაშორისო ბრენდად იქცა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩემს წინამორბედებს, ყველას, რომელთაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს სწორედ იმისთვის, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ქცეულიყო იმ ბრენდად, რომელსაც ყველა ერთად ვუყურებთ. ეს არის კონფერენცია, სადაც 400-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი ჩამობრძანდა, რათა განვიხილოთ ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ეს უკავშირდება უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ენერგოუსაფრთხოებას თუ ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში 6 პანელზე განვიხილავთ. მე მინდა განსაკუთრებლი მადლობა გადავუხადო აჭარის ხელისუფლებას და მის მთავრობის თავმჯდომარეს. ვფიქრობ, რომ ბათუმი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხშირად საქართველოს ზაფხულის დედაქალაქს, არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რეალური ტრანსფორმაცია განიცადოს ქალაქმა, ქვეყანამ, რეგიონმა, როგორ შეიძლება იგი გახდეს განვითარების მაგალითი და კეთილდღეობის საფუძველი ჩაუყაროს მომავალ თაობებს. ეს არის სწორედ ეს რეგიონი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა კონფერენციის სპონსორებს და სტუმრებს. მან, ასევე ესტონეთს ევროკავშირის პრეზიდენტობა მიულოცა.