სვეტიცხოველში წმინდა 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაული ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოველში წმინდა 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაული ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაული ლიტურგია მიმდინარეობს.

სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სხვადასხვა ეპარქიების მღვდელმთავრები, ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები იმყოფებიან. ტაძარში მსახურების დროს წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის გამორჩევის შესახებ არის საუბარი. მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.