ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემაჯამებელი განხილვა გამართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემაჯამებელი განხილვა გამართა

უნივერსალური ჯანდაცვა - ამ მიზნის შესასრულებლად, შესაბამისი ამოცანები და ნაბიჯები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან ხედვაში (2030 წლისთვის) გაიწერა.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე ორი დღის განმავლობაში, ბათუმში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, მისი მოადგილეები - დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე და კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად მსჯელობდნენ.

„ამ დოკუმენტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს ძირითადი პრიორიტეტები, ამოცანები და მიზნები მომავალი წლებისთვის",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვა 2017-2035 წლებისთვის შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილეებს ექსპერტმა, აკაკი ლოჩოშვილმა გააცნო.

ისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ჯანდაცვის სისტემის ე.წ. ექვსი „სისტემური ბლოკის" - სამედიცინო მომსახურების; ადამიანური რესურსების; სამკურნალწამლო საშუალებებისა და ტექნოლოგიების; ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის; საინფორმაციო სისტემების; ლიდერობისა და მმართველობის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებაა საჭირო. ექსპერტმა განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ამოცანები და ნაბიჯები სისტემური ბლოკის მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს - უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევას ემსახურება.

„მიზანი უნივერსალური ჯანდაცვაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პროდუქტებზე გამაღარიბებელი დანახარჯების გარეშე და ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მეშვეობით, აქვს ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციისთვის აქვს ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვით მომსახურებაზე",- აღნიშნა აკაკი ლოჩოშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაა. ამოცანა ჯანდაცვის მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და უწყვეტობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღწევად გრძელვადიან ხედვაში გაწერილია სამკურნალო დაწესებულებების რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება/დანერგვა,ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება სახელმწიფო და კერძო სექტორის ხვედრითი წილის სწორი დაგეგმვისა და ვალდებულებების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რეგიონებში და კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

გრძელვადიან ხედვაში საუბარია ვერტიკალური პროგრამების (პერინატალური მოვლა, შიდსი, ტუბერკულოზი) პირველად ჯანდაცვასა თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ეტაპობრივ ინტეგრაციაზე, სერვისების რეგიონალიზაციაზე, მწვავე, პოსტ-მწვავე, რეაბილიტაციისა და ხანგრძლივი მოვლის სისტემის განვითარებასა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობაზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია ჯანდაცვის სისტემის საჭირო რაოდენობის მოტივირებული და კვალიფიციური სამედიცინო კადრებით უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად გაწერილია შესაბამისი ნაბიჯებიც. ხედვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმების ახალი ნაკადის დაბალანსება და ექთნების რაოდენობის გაზრდა სამედიცინო პერსონალის ადეკვატური ბალანსის მისაღწევი აუცილებელი წინაპირობაა. დოკუმენტში საუბარია ექიმების სერტიფიცირების ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე, საექთნო განათლების სახელმწიფო სუბსიდირებაზე, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სავალდებულო სისტემის ეტაპობრივ ჩამოყალიბებასა და სხვა ქმედით ნაბიჯებზე.

გრძელვადიანი ხედვის კიდევ ერთი პრიორიტეტი რაციონალური ფარმაცევტული პოლიტიკის მეშვეობით, ძირითად და ხარისხიან ფარმაცევტულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ფარმაცევტული სფეროს რეგულაციების, მათ შორის, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის წესების ჰარმონიზაცია ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე, საუბარია ელექტრონული რეცეპტის დანერგვის ხელშეწყობაზე, ხარისხის კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და დანერგვაზე; მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე წამლების ჭარბი მოხმარების პრობლემებთან დაკავშირებით; ჯენერიკული მედიკამენტების გამოყენების ხელშეწყობაზე.

აკაკი ლოჩოშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებაა.

„ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპები. გაცხადებულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები უნდა გაიზარდოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აუცილებელ რეფორმებს განვახორციელებთ, აუცილებელი იქნება, რომ დანახარჯები კვლავაც გაიზარდოს, რადგან, მიუხედავად პოპულარული აზრისა, რომ თითქოს ჯანდაცვაში ძალიან ბევრს ვხარჯავთ, რეალურად, კვლავაც ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯით. ასე რომ, გზა და დანახარჯები გასაზრდელია",- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. აკაკი ზოიძემ ისაუბრა ჰოსპიტალური და გადაუდებელი სერვისების გლობალური ბიუჯეტის ანაზღაურებაზე გადასვლაზეც, რომელიც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდება.

„ DRG იქნება საერთო ყველასთვის - სადაზღვევო კომპანიებისთვისაც, პაციენტებისთვისაც. შესაბამისად, ფასწარმოქმნაში იქნება ბევრად მეტი სამართლიანობა, ვიდრე დღეს არის",- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

გრძელვადიანი ხედვის მიხედვით, ნაბიჯებში ასევე გაწერილია პრევენციული და პირველადი ჯანდაცვის სერვისების კაპიტაციურ/ფიქსირებული დაფინანსებიდან, შედეგზე ორიენტირებულ დაფინანსებაზე გადასვლა; სახელმწიფოს მიერ ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფა ქრონიკული ავადმყოფებისთვის (მოწყვლადი ჯგუფებიდან მოსახლეობის მოცვლის ეტაპობრივი ზრდა); გლობალური ფონდის გარდამავალი გეგმით ნაკისრი ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ.

კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც გრძელვადიან ხედვაშია დასახული, ჯანდაცვის სფეროში მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება საერთო სახელმწიფოებრივი მულტისექტორული მიდგომის - ჯანმრთელობა ყველა პოლიტიკაში - განვითარების გზით.

ამ ამოცანის შესასრულებლად, დოკუმენტი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებისა და ჯანდაცვითი კვლევების ხელშეწყობას და შესაბამისი ნორმატიული ბაზის ფორმირებას, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებისა და დაფინანსების მიმართულებით მუნიციპალური პასუხისმგებლობების და უფლებების გაძლიერებას, პროფესიულ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეროვნული რეკომენდაციებისა და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების ადაპტირებისა და რეგულარული განახლების ახალი მექანიზმის მომზადებასა და ამოქმედებას, ასევე, სხვა ქმედით ღონისძიებებს ითვალისწინებს.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ განხილვაზე განაცხადა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს. აკაკი ზოიძემ მხარდაჭერისთვის ევოკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მადლობა გადაუხადა.

შემაჯამებელ შეხვედრას რვა სამუშაო შეხვედრა უძღოდა წინ. რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)მხარდაჭერით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.